ბიძინა ქვლივიძე
ბიძინა ქვლივიძემ 1940 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი სიდამონ ერისთავის კლასი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თეატრის მხატვრად კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის ბიძას ირაკლი გამრეკელს. გაფორმებული აქვს 90 მდე სპექტაკლი სხვადასხვა თეატრებში. მარჯანიშვილის თეატრში მისი მხატვრობით განხორციელდა სპექტაკლები: "კრემლის კურანტები" (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), "კოლმეურნის ქორწინება" და "გულსუნდა" (რეჟ. აკ. კვანტლიანი), "რკინის პერანგი" (რეჟ. ლ. შატბერაშვილი), "მოსამართლე მახეში" (რეჟ. რ. ჭიაურელი), "ჩარლის დეიდა" (რეჟ. ვ. ყუშიტაშვილი), "რას იტყვის ხალხი" (რეჟ. ლ. იოსელიანი), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (რეჟ. ვ. გოძიაშივლი) და სხვა.; მასვე ეკუთვნის მხატვრობა თბილისის შაუმიანის სახელობის სომხურ თატრში დადგმული სპექტაკლებისა "ეთიმ გურჯი" და "სოსი და ვარდითერი", აგრეთვე თელავის სახელმწიფო თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა – "მე ვხედავ მზეს". პროფესიული თეატრების პარალელურად წლების მანძილზე აფორმებდა სხვადასხვა დადგმებს რესპუბლიკის სახალხო თეატრებშიც. მხატვარ-დეკორატორის პროფესიას კარგად უთავსებდა მხატვარ-შემსრულებლის რთულ, შრომატევად საქმიანობას.ორმოცი წელი გაატარა მარჯანიშვილის თეატრში. სამამულო ომის დაწყების დღიდან იბრძოდა მოქმედ ჯარებში. Iyo 414 დივიზიის ათასეულის მეთაური. 1965 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის წოდება. მონაწილეობდა როგორც რესპუბლიკის ასევე საკავშირო სამხატვრო გამოფენებში. წლების განმავლობაში თეატრის პარალელურად მუშაობდა ქართული ფილმის კინოსტუდიაში.