Image Alt

გამოფენა

ბიოგრაფია

ირაკლი გამრეკელი

ირაკლი გამრეკელი დაიბადა 1894 წელს მეჯვრისხევში, გორის (მაზრის) ერთ-ერთ სოფელში. იგი ბავშვობიდანვე, სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდშიც ხატავდა. ირაკლი სემინარიის დამთავრების შემდეგ დონის-როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი თბილისში განაგრძო სწავლა. სწორედ ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოუყალიბდა მისწრაფება მხატვრობისადმი. სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის მიტოვების შემდეგ მან შექმნა დიდი ფერწერული ნამუშევარი, სახელწოდებით – ,,მხატვარი მედიცინაში’’. მხატვარმა ოციან წლებში გააფორმა რამდენიმე წიგნი და თანამედროვე სახე მისცა სალიტერატურო ჟურნალ ,,გრდემლს’’. ამ პერიოდსვე განეკუთვნება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია, რომლითაც დაიწყო ირაკლი გამრეკელის დიდი შემოქმედებითი გზა მხატვრობაში.

1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ გაფორმებული ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი H2SO4. ირაკლი გამრეკელი ითვლება ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ავანგარდული სცენოგრაფიის რეფორმატორად, მუშაობდა კოტე მარჯანიშვილთან და სანდრო ახმეტელთან. ირაკლი გამრეკელი და კოტე მარჯანიშვილი პირველად 1922 წელს გადაიკვეთნენ გამრეკელის ნამუშევრების გამოფენაზე. მარჯანიშვილი მოიხიბლა ოსკარ უაილდის ,,სალომეაზე’’ შექმნილი ნახატებით, რის შემდეგაც გამრეკელს დაავალა ,,სალომეას’’ მხატვრული გაფორმება რუსული დრამის თეატრში. ,,სალომეას’’ დიდი გამარჯვება ხვდა წილად. რეჟისორი არ მოტყუვდა, მან აღმოაჩინა ისეთი მხატვარი, რომლის შემოქმედებითი ინტერესები ზედმიწევნით ემთხვეოდა მის მიზანსწრაფვას. 1923 წელს ირაკლი გამრეკელი რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი გახდა, სადაც მან ოთხი წელი დაჰყო. სწორედ აქ დადგმული ,,ჰამლეტის’’ გაფორმებით ჩაეყარა საფუძველი მონუმენტურ სტილს ქართულ თეატრალურ-დეკორაციულ მხატვრობაში.

სპექტაკლი ,,თეთნულდი’’ კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ გრძნობდა ირაკლი თავისი ქვეყნის ეროვნულ სულს, მის ხასიათს, რასაც ეყრდნობოდა მისი თეატრალურ- დეკორაციული მხატვრობა. 1962 წელს ამერიკაში გამოიცა მონოგრაფია, სადაც ირაკლი გამრეკელი მოხსენიებული იყო, როგორც მსოფლიოს დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ავტორი, ვერა მოუერი რობერტსის მიერ.

1937 წელს ირაკლი გამრეკელმა გააფორმა შექსპირის ,,ოტელო’’, იმავე წელს გააფორმა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,აბესალომ და ეთერი’’ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ირაკლი გამრეკელის მდიდარი თეატრალური მემკვიდრეობა ასევე მოიცავს: ა. გლებოვის ,,ზაგმუკი’’; ,,რღვევა’’ (დადგმა ალ. ახმეტელისა); ,,ლამარა’’ (დადგმა ალ. ახმეტელისა); ,,თეთნულდი’’ (დადგმა ალ. ახმეტელისა და აკ. ვასაძისა); ფ. შილერის ,,ყაჩაღები’’ (დადგმა ალ. ახმეტელისა და შ. აღსაბაძისა); ,,არსენა’’(ს. შანშიაშვილის პიესა, დადგმა აკ. ვასაძისა 1936 წ.); ,,ბოგდან ხმელნიცკი’’ (დადგმა აკ. ვასაძისა); ,,გიორგი სააკაძე’’ (დადგმა კ. პატარიძისა); ,,ღალატი’’ (დადგმა აკ. ხორავასი); შ. დადიანის ,,გუშინდელნი’’; ს. შანშიაშვილის ,,განგაში’’; ჰაიზენკლევერის ,,საქმიანი კაცი’’; ფულდის ,,ვირის ჩრდილი’’; ხოზიკას ,,ხოჭოების დოღი’’; კ. გოლდონის ,,საპატარძლო აფიშა’’. ირაკლი გამრეკელი გარდაიცვალა 1943 წელს, თბილისში.

ირაკლი გამრეკელი

ნამუშევრები

ირაკლი გამრეკელი კი არ ქრებოდა, არამედ ბრწყინავდა და კაშკაშებდა

ისეთ დიდ რეჟისორებს შორის, როგორებიც ალექსანდრე ახმეტელი და კოტე მარჯანიშვილი იყვნენ.

ბევრი რამ მინატრია ცხოვრებაში... ჩამონათვლის სია გრძელია, მაგრამ მათ შორის ერთი ნამდვილადაა, ვყოფილიყავი ირაკლი გამრეკელის თანადროული, რათა მენახა საოცარი დეკორაციები და კოსტიუმები, რომლებსაც ის ჰქმნიდა.

ყოველდღე: 12:00 - 19:00

ი. აბაშიძის ქ. #42, თბილისი
032 2 22-49-47 , 577-747-745